9 ოქტომბერი, 2018

თბილისისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა ფრანკფურტში

ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც დღეს აქ ვნახე. მეამაყება, რომ დავიბადე საქართველოში და ვარ ქართველი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საუკეთესო პლატფორმაა იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი მრავალფეროვანი კულტურა, ჩვენი ისტორია, რითიც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ. ქართული ანბანით ჩვენ შეგვიძლია მთელ მსოფლიოს მოვუთხროთ ჩვენი ისტორია, ვუამბოთ, ვინ და რანი ვართ ქართველები, რამხელა კულტურის მატარებლები ვართ. ახლა ვიმყოფებით „მაგნუმის“ გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილია ლეგენდარული ფოტოგრაფების ნამუშევრები, 1947 წლიდან 2018 წლის ჩათვლით. შეიძლება ითქვას, ფოტოებით არის გადმოცემული ჩვენი დედაქალაქის ისტორია. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჩამოვა თბილისში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო „მაგნუმ ფოტოს”. საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს ექსპოზიცია იხილონ თბილისში.

ექსპოზიცია 71-წლიან პერიოდს მოიცავს და იწყება ფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან თბილისში მოგზაურობისას გადაიღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო „მაგნუმ ფოტოს“. გამოფენას ასრულებს მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები.

ქართული პროგრამა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, კონცეფციით - Georgia Made by Characters – „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ წარდგა, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანს და დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება.

კვირეულის ფარგლებში, პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.

მსგავსი სიახლეები