7 ოქტომბერი, 2018

სპორტული ღონისძიებები დედაენის ბაღში

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, დედაენის ბაღში, „თბილისობა 2018“-თან დაკავშირებულ სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.

„თბილისობასთან დაკავშირებით დედაენის ბაღში წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა სპორტული აქტივობა, რომელიც შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს. მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ადგილზე გაიარონ რეგისტრაცია და ჩაერთონ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში. გვაქვს წამახალისებელი პრიზებიც, რაც დააინტერესებს მოქალაქეებს“- განაცხადა ირაკლი გვილავამ.

დედაენის ბაღი სპორტულ ღონისძიებებს ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ბაღის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო 10-ზე მეტი სპორტული სახეობა, მათ შორის, ჭიდაობის ტურნირი, რომლის გამარჯვებულსაც წელს პირველად გადაეცა გარდამავალი თასი.

„თბილისობა 2018“-ის ფარგლებში, კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანზე, მეიდანსა და ლეღვთახევში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები