23 სექტემბერი, 2018

თბილისი-ნაფეტვრების საგზაო სამუშაოები

დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საგზაო სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

„აქ გზა ფაქტობრივად არ არსებობდა, მხოლოდ გრუნტის საფარი იყო. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის მთლიანად უნდა დასრულდეს. ადგილზე სანიაღვრე სისტემა ეწყობა, ბოლო ეტაპზე კი, გზის მოასფალტება მოხდება. საუბარია დაახლოებით 2 კილომეტრიან მონაკვეთზე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, თბილისი-ნაფეტვრების გზის მეორე ნაწილი მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

„დედაქალაქის მერია ხიდამდე მისასვლელ გზას აკეთებს. ხიდის იქით კი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. უახლოეს დღეებში ისინიც ტენდერს გამოაცხადებენ და ხიდის შემდგომი მონაკვეთიც გაკეთდება. აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, არის აგარაკები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისი-ნაფეტვრების გზის სარეაბილიტაციო პროცესს, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის სამუშაოები, 150 მეტრის სიგრძეზე ეწყობა კიუვეტები (ასფალტის საფარიდან წყლის არიდების სისტემა), წყალმიმღები და წყალგადამშვები ჭები. საფუძვლის მოწყობის შემდეგ, 1.9 კმ. მონაკვეთზე 14 000 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოებს კომპანია "ბელ-ბაუ" აწარმოებს და პროექტზე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები