18 სექტემბერი, 2018

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

პირველი საკითხი, რაზეც მერმა ყურადღება გაამახვილა, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის დასრულებაა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელებით კომპანია „იქს 2“-ია დაინტერესებული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულმა კომპანიამ კონკრეტულ ლოკაციაზე ტექნიკური კვლევა უნდა ჩაატაროს.

„ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა სხვადასხვა კონკრეტულ ლოკაციაზე, თუმცა პირველი გამოცხადების შედეგად, ინტერესი არავის გამოუხატავს და პროცესი თავიდან გამოცხადდა. ამ ეტაპზე, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე - ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „იქს 2“ არის დაინტერესებული. ჩვენ ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას. კომპანიას კი, ვალდებულება აქვს, რომ ხუთი თვის განმავლობაში, ტექნიკური კვლევა ჩაატაროს. ამ პროექტის განხორციელებაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტთან ერთად, კომპანიაც მიიღებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კვლევები დადებითი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიწისქვეშა პარკინგების პროექტების განხორციელება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რასაც მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს.

„ვიცით, მიწისქვეშა პარკინგების პროექტის განვითარება დედაქალაქისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და ის, რომ პარკირების სისტემა მოვაწესრიგოთ და არ ვიყოთ იმ ქაოტურ მდგომარეობაში, რაშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენ, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთ პროექტებს ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი ინიციატივით გამოვიდა, მუნიციპალური პარკირების ადგილების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე, ჯარიმის ოდენობა გაიზარდოს.

მისი თქმით, წინა სხდომაზე გაცემული დავალების შესაბამისად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კანონდამრღვევების დაჯარიმება დაიწყო, თუმცა, ვინაიდან ჯარიმის ოდენობა დაბალია, მუნიციპალური პარკინგის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები გრძელდება.

„ქალაქში, სამწუხაროდ, არის ქუჩები, სადაც მუნიციპალური პარკირების ადგილები დაკავებული აქვთ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს არის მისაბმელიანი ავტომობილები, ხშირ შემთხვევაში, გახსნილი აქვთ ტურისტული ბიუროები, ვიზების მომსახურება; არის შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილები შევსებულია გასაქირავებელი ავტომანქანებით და მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკინგით ისარგებლონ. ჩემი დავალება იყო, რომ განგვეხორციელებინა დაჯარიმება, რაც „სატრანსპორტო კომპანიას“ დაევალა. რა თქმა უნდა, გამოიწერა ჯარიმები, თუმცა, როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ძალიან დაბალია - 10 ლარი და ეს ადამიანები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას არანაირად არ ვეწინააღმდეგებით, თუმცა ქალაქში არსებობს ძალიან ბევრი ლოკაცია, სადაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია. არავის აქვს უფლება, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან პარკირების საფასურს, ავტომობილის გაჩერება შეუზღუდონ. შესაბამისად, მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, დაიწყეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომ მოხდეს ჯარიმის ოდენობის გაზრდა, გამკაცრება, რათა შედეგი გამოიღოს“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ჯარიმის ოდენობის გაზრდამ შედეგი სამშენებლო სექტორის შემთხვევაში უკვე გამოიღო.

„ჩვენ იგივე მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც მშენებლობებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, გადაწყვეტილებები მივიღეთ. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ მიდგომას. საუბარი იყო, რომ ჯარიმების გაზრდით, აღნიშნულ პრობლემას ვერ მოვაგვარებდით, თუმცა შედეგი უკვე სახეზეა. აქაც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ის შედეგი, რისი მიღებაც ჩვენ საბოლოოდ გვინდა, თუმცა სამშენებლო უსაფრთხოება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ტაქსების რეფორმის ფარგლებში, თბილისის მერია ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზეც მუშაობს, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. კახა კალაძის თქმით, ქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი აღნიშნული პერიოდიდან ერთიან სტანდარტში მოექცევა.

„ტაქსების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელზეც ტაქსების ლიცენზირების თვალსაზრისით, არაერთხელ ვისაუბრეთ. ამ კონკრეტულ რეფორმას რაც შეეხება, თბილისის მერია საკრებულოსთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე უკვე მსჯელობს. ერთიანი ვიზუალური სტანდარტი პირველი ნოემბრისთვის უკვე იქნება დამტკიცებული. ამ დროიდან, ტაქსით მომსახურების სერვისის მიმწოდებლებს ეცოდინებათ, თუ როგორი იქნება 2019 წლიდან ეს მოთხოვნები. აღნიშნული სტანდარტი გაითვალისწინებს ასევე, ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც მძღოლებს დამატებითი შემოსავლის წყაროს შეუქმნის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, ავტომობილზე რეკლამისთვის გამოყოფილი ადგილით ისარგებლონ და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დამატებითი ფინანსური სარგებელი მიიღონ.

კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ. დროის შუალედის შემცირება კი, მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

„პრობლემა იყო ის, რომ პიკის საათებში მოქალაქეებს 5-6 წუთი ლოდინი უწევდათ, რაც სერიოზულ დისკომფორტსა და პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მეტროს ვაგონების მთლიან განახლებას, მეტროს სამი ოთხვაგონიანი ახალი შემადგენლობა დაემატება, რომელიც „ახმეტელის თეატრი“ - „ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს და ერთი სამვაგონიანი შემადგენლობა საბურთალოს ხაზზე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე ბევრი მგზავრი გადაადგილდება, მოცდის ინტერვალი სამ წუთამდე შევამციროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტი „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ „ღამის ეკონომიკის“ განვითარების ფარგლებში, საჭირო და მნიშვნელოვანია, ღამის საათებში, კონკრეტულ ლოკაციებზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იყოს შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია და 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს. ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ როგორ განხორციელდება საპილოტე პროექტი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისა და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი დაიგეგმა ისე, რომ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი მოიცვას და მგზავრები გასართობი და კულტურული აქტივობებით დატვირთულ ცენტრებთან დააკავშიროს.

ავტობუსი უკუმიმართულებითაც ანალოგიურ მარშრუტს გაივლის. ავტობუსს ექნება წარწერა - „ღამის ავტობუსი“. საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული - 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.

დედაქალაქის მერი თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი ყველა ლოკაციაზე დასრულებულია. მეორე ეტაპი კი, 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება.

„დედაქალაქში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, მათ შორის, ბარათაშვილის აღმართი, შარტავა-კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია. პირველი ეტაპი და ყველაზე მძიმე სამუშაოები, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, სანიაღვრე ქსელის მოწესრიგებას გულისხმობს, უკვე შესრულებულია და მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი. შემდეგი ეტაპი ცენტრალური გზების საბოლოო ფენით მოასფალტება, კეთილმოწყობის სამუშაოები, როგორც ველობილიკის, ასევე, ავტობუსების ზოლის, საფეხმავლო ბილიკების მოწყობაა. მთლიანად შეიცვლება ბორდიური, გარე განათებები და ელექტროსადენები მიწისქვეშ მოთავსდება. პროექტების დასრულება კონკრეტულ ლოკაციებზე სრულად, 20-25 ოქტომბრისთვის იგეგმება. რობაქიძის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო და შემდეგ უკვე მოასფალტება და კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში ახალი პროექტები იწყება, მათ შორის, ლეხ კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია.

„კაჩინსკის ქუჩაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია, რისთვისაც კომპანია GWP-ს მინდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ აქაც კომუნიკაციები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაცია საფუძვლიანად ხდება. მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალარინების ქსელი, სანიაღვრე სისტემა მთლიანად გამოიცვლება. დღეს კი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური შესაბამის სამუშაოებს იწყებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით, 900 000 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ბოლო საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეებია. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დაზარალებულ მოსახლეობას თბილისის მერია ხელს ყველანაირად შეუწყობს.

„სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებულ საკითხი ისევ საკმაოდ აქტუალურია. პირადად მე ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის, თუ რა იქნება, როგორ იქნება და რა მდგომარეობაა. გასულ კვირას, ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და არსებული მდგომარეობა დეტალურად განიხილეს. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ მერიის და პირადად ჩემი თანადგომა - ყველანაირად ხელი შეგიწყოთ, დაგეხმაროთ, რომ რაც გადახდილი გაქვთ, არ დაკარგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაწყებულია, რომელიც ეფექტურად მიმდინარეობს.

„ერთი მხრივ, გამოძიება საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს და მეორე მხრივ, რაც ჩვენს პრეროგატივაში შედის, ამ მიმართულებით, თბილისის მერია ყოველთვის გვერდში დაგიდგებათ და დაგეხმარებათ, რომ ეს პროექტები დასრულდეს. დაახლოებით, 14 ლოკაციაზე იყო დაწყებული მშენებლობები და 14-ვე იყო უნებართვო, რაც სერიოზული პრობლემაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. თითოეული ჩვენგანისთვის უნებართვო, უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია. განსაკუთრებით, ეს ეხება 2015-2016 წლებს და ნაწილი 2017 წელს, როდესაც უკანონო მშენებლობები მიმდინარეობდა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა გექნებათ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები