30 აგვისტო, 2018

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების თაობაზე კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა და პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარების თაობაზე მიმართა.

„ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი შესაბამისობაში უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა საუბარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან. ასევე, ვესაუბრე კანონის ინიციატორებს ილია წულაიას და გოჩა ენუქიძეს. პარლამენტში განხილვა უკვე მოხდა და მინდა პარლამენტარებს მივმართო, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს ცვლილებები. გვინდა, რომ 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნეს 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, ბინადრობის უფლებას დაკარგავს. ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით რამდენიმე ადამიანმა ისარგებლოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, არსებული კანონმდებლობით ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება, თუმცა კანონში ხარვეზია.

„ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ღებულობს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვას, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ძალიან ბევრია შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანი ბინას ყიდულობს, შემდეგ სხვა პიროვნებებზე ფიქტიურად გადააფორმებს და ისინიც ანალოგიურად იღებენ ბინადრობის უფლებას. ე.წ. კარუსელს ატრიალებენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ასევე, დედაქალაქის მერის თქმით, დღეს მოქმედი წესით თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე 300 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, მას განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება ენიჭება, რაც შეიცვლება.

„ჩვენი ინიციატივაა, რომ 300 ათასი ლარი 300 ათასი დოლარით, ხოლო მუდმივი ბინადრობის უფლება 5-წლიანი ბინადრობის უფლებით შეიცვალოს. ვფიქრობ, რომ კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტიც მხარს დაგვიჭერს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასტუმრო არ აშენდება.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა ზარი და მაშინვე მოხდა რეაგირება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არსებობს პრინციპები, რომელსაც არ უნდა გადავაბიჯოთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქალაქში გვაქვს მწვანე სივრცეების პრობლემა. სახეზეა ყველაფერი ის, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა დედაქალაქში. ვფიქრობ, ამ რეალობის გამოსწორება მერიამ, მოსახლეობამ და დეველოპერებმა, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ. ეს კონკრეტული პროექტი უნდა განხორციელებულიყო მწვანე სივრცეში, ფოტომასალაც არის, მწვანე ზონაში ჰქონდათ მშენებლობის ნებართვა. ჩვენ გავაბათილეთ აღნიშნული ნებართვა. რა თქმა უნდა, არ უნდა დაზარალდეს მესაკუთრე, რომელიც არის ამ ფართის კეთილსინდისიერი მყიდველი. შესაბამისად, საქმის მოგვარება უნდა მოხდეს ცივილურად“, - განაცხადა კახა კალაძემ და სამშენებლო სექტორს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქში მწვანე სივრცეები მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს.

კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აღკვეთის ფაქტს გამოეხმაურა და ის დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა.

”რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც თითქოს ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებს არბევდა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს. ეს კანონი დღეს არ მიგვიღია და მე არ მიმიღია. თბილისში გარევაჭრობა კანონდებლობით აკრძალულია და ზედამხედველობის სამსახური ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისში აღვკვეთოთ ყველანაირი გარე ვაჭრობა. დედაქალაქში არსებობს სავაჭრო სივრცეები იმისათვის, რომ კანონის დაცვით განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობა და არავინაა შეზღუდული ამ მიმართულებით, თუმცა ცენტრალურ ქუჩებზე ამგვარი საქმიანობა კატეგორიულად მიუღებელია. თუ ჩვენ ამაზე თვალს დავხუჭავთ, ქალაქში მივიღებთ სრულ ქაოსს და განუკითხაობას. შესაბამისად, გარე ვაჭრობის აღკვეთა კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს “, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში გარემოვაჭე საუბრობდა, თითქოსდა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მას სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლისთანავე ჩამოართვეს მოსავალი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მერის განცხადებით, აღნიშნული პირი, მიუხედავად გაფრთხილებისა, ორი დღის განმავლობაში ახორციელებდა კანონით აკრძალულ საქმიანობას, მესამე დღეს კი, კანონის ფარგლებში მისი საქონლის კონფისკაცია განხორციელდა.

„ეს ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა იმ კონკრეტულ ადგილზე და ცდილობდა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების გამოწვევას - მოიხსენიებდა უხეში სიტყვებით, აყენებდა შეურაცხყოფას. აშკარად ჩანდა, რომ ეს იყო პროვოკაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ ამის მოკვლევა. დავავალე ჩვენს შესაბამის სამსახურებს, ოფიციალურად მივმართეთ დინამოს სტადიონის დირექციას, რომ ამოგვეღო ვიდეო კადრები, რომელსაც თქვენც მოგაწვდით, რათა ყველაფერი ნათელი იყოს. იდენტიფიცირება მოხდა ამ ადამიანის, რომელიც თავს გლეხად ასაღებდა. ის გახლავთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, უბრალოდ მე ახლა თავს შევიკავებ და არ გავაგრძელებ საუბარს, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ეს ადამიანი. მგონი, საზოგადოება ყველაფერს მიხვდება და გაიგებს“, - განაცხადა მერმა.

თბილისის მერმა რაიონის გამგებლებს ამ თემაზე მუშაობა დაავალა.

„თუ არის საჭიროება, მივმართოთ გამგეობებს, გამოვყოთ ერთი დღე ყველა რაიონში, სადაც მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ცივილურად, როგორც ბევრ ქვეყანაში ხდება ამ ტიპის ბაზრობების მოწყობა ერთი დღით. მობრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მივცემთ ამის შესაძლებლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმის საკითხითაც დაინტერესდა. როგორც მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რეფორმა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

„ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა ძალიან მალე დასრულდება. ჩვენ უკვე შეძენილი გვაქვს საჭირო სატრანსპორტო საშუალებები, ასევე, საჭირო აღჭურვილობა და ელექტრონული მოწყობილობები, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს ჭირდებათ. ამ ეტაპზე იკერება ფორმები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვის და მომდევნო თვეში, სექტემბრის ბოლოსთვის, უკვე მზად ვართ, დავასრულოთ რეფორმა და საზოგადოებას წარვუდგინოთ განახლებული ზედამხედველობის სამსახური“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ასევე, დედაქალაქის მერმა თბილისში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. მისი განცხადებით, პროექტი გეგეშიძის ბაღიდან კეკელიძის ქუჩის ბოლომდე 1-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებას ითვალისწინებს, რაშიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე, მოეწყობა ტროტუარები, ბორდიური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე განათებები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერმა „შენი იდეა ქალაქის მერს“-ის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში მერია კიდევ რამდენიმე იდეის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს. მათ შორის ერთ-ერთია საათი „გიგანტურ ბორბალზე“ და წარწერა „თბილისი“ მთაწმინდის ფერდობზე.

მისი თქმით, ამის პარალელურად, დაწყებულია რამდენიმე თვის წინ შერჩეული იდეების განხორციელებაზე მუშაობა.

„სულ მალე ვიხილავთ დედაქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს და ვიწყებთ ნარჩენების მართვას. ამჟამად კი განიხილება კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელთა შორის ერთ-ერთია სწორედ საათი „გიგანტურ ბორბალზე“. ამ იდეამ, როგორც სხვა განსახილველმა იდეებმა, დააგროვა მოწონებათა განსაზღვრული რაოდენობა, რის შემდეგაც, მე დავავალე „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს, ჩაეტარებინათ ბაზრის კვლევა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ამ პროექტის განხორციელება და დაახლოებით, რა თანხები იქნებოდა საჭირო ამისთვის. არის ორი მსხვილი კომპანია, ვინც დაინტერესდა და გვითხრეს, რომ შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. ეს გახლავთ „ფილიპსი“ და „იგუცინი“. ჩვენ განვიხილავთ მის განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია რუსთავი ორმა ბატონ ლევან ჯღარკავას მიერ მოწერილი წერილი საზოგადოებას მიაწოდა, როგორც გაფორმებული ხელშეკრულება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს. ძალიან საინტერესო იყო თვითონ ამ პროექტის ავტორის მოსაზრებაც. პროექტის აღწერაში ის მიუთითებდა, რომ გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს, რაშიც, რა თქმა უნდა ვეთანხმებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე განიხილება მთაწმინდის ფერდობზე ქართულ-ინგლისური წარწერის - „თბილისი“ განთავსების იდეა, რომელზეც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მერიასთან არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭო იმსჯელებს.

„ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ფონზე ეს წარწერა იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას, თუმცა ამ საკითხს ჩვენ განსახილველად გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე, რამდენადაც მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს და მინდა, რომ ვიკითხოთ, რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განმარტა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მოსახლეობას მიმართა, რომ წარმოადგინონ საუკეთესო იდეები, რომლის განხორციელების შესაძლებლობას მერია განიხილავს.

კახა კალაძემ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ პრობლემურ პროექტებზეც ისაუბრა.

„ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს სოციალურ ქსელში ჩემს პირად ფეისბუქ გვერდზე, თუ რა ხდება ამ პროექტებთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი პრობლემური სამშენებლო კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან თვალსაზრისით, ყველანაირად დავეხმარეთ, მშენებლობას ვერ ახერხებენ. პარალელურად გამოძიება დაწყებულია. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და ამ ადამიანებთან კავშირი ყოველთვის გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მთავრობის მხრიდან შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალური თანადგომა იქნება, რომ „სვეტის“ მიერ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდეს.

„როდესაც შესაბამისი სამსახურები საგამოძიებო მოქმედებებს დაასრულებენ და ჩვენი მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი იქნება, იცოდეთ ყველამ, რომ დედაქალაქის მთავრობის მხრიდან თანადგომა იქნება, რომ “სვეტის“ მიერ არსებული ყველა პროექტი დავასრულოთ და არცერთი დაზარალებული ადამიანი არ დარჩეს. ხალხი ემიგრაციაშია წასული, იქ შრომობს, წვალობს. იქიდან გადმორიცხული თანხებით ბინები შეისყიდეს და დღესაც გაურკვეველია, რა ბედი ეწევა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები