19 მარტი, 2015

დემოკრატიულ გზაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აღწერს, თუ როგორი საქართველოს აშენება სურს ხელისუფლებას
„საქართველო დღეს არის დემოკრატიული ქვეყანა“.
„ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას...“
„საქართველოში დასავლეთის დემოკრატიების მსგავსი დემოკრატია გვექნება...“
და კიდევ მრავალი მსგავსი დაპირება.
მე, პირადად, ეს სიტყვები რაც საბჭოთა კავშირი არ არსებობს, მუდამ მესმოდა ნებისმიერი ხელისუფლებისგან. ახლა თავად ვარ საქართველოს მთავრობის წევრი და ჩვენი გზავნილიც არის ის, რომ საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვა და ჩვენ მისი შენების მუდმივ პროცესში კვლავ ვართ.
რა შევცვალეთ? რას ვაშენებთ? რა დგას რეალურად ამ სიტყვების მიღმა? რა არის დღეს დემოკრატია საქართველოში და როგორ გვესმის ეს?
უპირველეს ყოვლისა, ეს არის თავისუფლება.
პიროვნების თავისუფლება, რომლის ზღვარსაც მხოლოდ ინდივიდუალური მორალი განაპირობებს. და სახელწიფოს თავისუფლება, როცა მოქალაქესთან სახელმწიფოს ურთიერობას მხოლოდ კანონი განაპირობებს.
დემოკრატიაა, როცა არ არის შიში. შიში ხელისუფლებისადმი და პირიქით – როცა, ხელისუფლებას არ ეშინია ხალხის და ძალადობის გარეშე მართავს ქვეყანას.
დემოკრატიაა, როცა ხალხის ნება, ხალხის არჩევანი აყალიბებს ქვეყნის მმართველ ძალას, გუნდს, პირებს.
რითი ვიწყებთ ამ მშენებლობას? უპირველესად, უნდა შეიქმნას ძლიერი საშუალო ფენა. ეს არის დემოკრატიის საყრდენი. საზოგადოების ეს ნაწილი რაც უფრო დიდია, კმაყოფილი და რეალიზებული, მით უფრო მყარია ხელისუფლება, ძლიერია ქვეყანა, სტაბილურია დემოკრატიული განვითარება.
მეორე – ძლიერი სამოქალაქო სექტორი, რომელსაც ექნება მუდმივი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში. საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოებრივი აქტივობა და ჩართულობა, ოპონირება ხელისუფლებასთან – ეს კი არ ასუსტებს, არამედ აძლიერებს დემოკრატიულ ატმოსფეროს ქვეყანაში და ამას, უპირველესად, თვითონ ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი.
ყველაზე დიდი შეცდომა მგონია, როცა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, მმართველი ძალა, სახელისუფლებო გუნდი განაპირობებს ან მცდელობა აქვს მიმართულება მისცეს მოსახლეობის პოლიტიკურ გემოვნებას და სიმპათიებს. ეს სავალალო შეცდომაა და შედეგების სამწუხარო მაგალითებით გაჯერებულია ჩვენი პოლიტიკური ისტორია.
ძლიერი დემოკრატია არის საწინდარი, და გარანტი იმისა, რომ ქვეყნის კურსი არ შეცვლება, რომ ხელისუფლებაში არასოდეს მოვა ანტიდემოკრატიული ძალები, რომ მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიები და არჩევანი ყოველთვის დემოკრატიის მშენებელი პოლიტიკოსის, პარტიის მიმართ იქნება, ვინაიდან ისინი ამაში თავის კეთილდღეობას, საკუთარ სტაბილურობას და სიმშვიდეს ხედავენ.
დემოკრატიას სჭირდება სწავლა, ახსნა და პროპაგანდა. ჩვენ ყველანაირი სახელმწიფო მოწყობა გვქონდა, ჩვენ ვიცით, რა არის ერთპარტიული და იდეოლოგიური დიქტატურა, ომი, სამოქალაქო ქაოსი, კლანური მმართველობა, ავტოკრატიული რეჟიმი. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ძირეული გარდატეხა ცნობიერებაში, უნდა გავითავისოთ, რომ დემოკრატია საქართველოსთვის უტოპია არ არის – ეს გახლავთ ის რეალობა, რაც დღეს შევქმენით და გვაქვს ყველა რესურსი, ეს ცარიელ სიტყვებად, მიუღწეველ მიზნად არ დარჩეს.
განათლება, შემწყნარებლობა, საკუთარი თავისუფლებით სხვისი თავისუფლების არშეზღუდვა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა – ეს არის დემოკრატიის სიჯანსაღის საწინდარი. თითქოს მარტივია, მაგრამ როდის ყოფილა ეს ყველაფერი კომპლექსურად განხორციელებული?
დემოკრატიულ ქვეყანაში მოსახლეობა სწორ პრიორიტეტებს ანიჭებს პოლიტიკურ ძალებს და მათ იდეოლოგიას. დემოკრატია ანტიბიოტიკივით მოქმედებს პოლიტსპექტრის სიჯანსაღეზე. სწორად განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ხალხი სახელმწიფო წყობით კმაყოფილია, ამომრჩეველი განაპირობებს, რომელი ძალა მოვა პოლიტიკაში, და რა ძალებით იქნება დაკომპლექტებული ხელისუფლება. ჯანსაღი, დემოკრატიული ხელისუფლება განაპირობებს ჯანსაღ სამოქალაქო საზოგადოებას, და პირიქით – ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება განაპირობებს, რომ ქვეყნის სათავეში ჯანსაღი პოლიტიკური გუნდი იქნება. ეს შეკრული, მყარი წრეა და ამ წრიდან, მჯერა, საქართველო არასოდეს გამოვა.
ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას. ეს სურვილი და მცდელობაა ძველი, თორემ პროცესი ახალია, მონაწილეობა მასში საინტერესო, საპასუხისმგებლოა, და ძალიან მალე საბოლოო შედეგიც გვექნება.
დემოკრატიული საქართველო – ეს მხოლოდ დაპირება ან ოცნება არ არის. ეს გახლავთ რეალობა. შეუქცევადი და სამუდამო, შემდგარი ფაქტი. ჩვენი დღევანდელი დღე.